ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტს დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საკუთარი ვერსია წარუდგინა. მისი ავტორი ლევან ბეჟაშვილია.
კანონპროექტში განმარტებულია, რომ ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობის საფუძვლების, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებისა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ხელისუფლების დანაწილებისა და დაბალანსების პრინციპების და ევროატლანტიკურ ღირებულებების რეალიზაციის მთავარ საფრთხეს; ხელყოფს მოქალაქეთა თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:
- ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
- ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;
- გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვეობით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;
- დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
- ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი.
- ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
კანონპროექტის თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის საფუძველზე.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში მთავარი განმსაზღვრელი არის კონცეფცია, თუ ვინ მიიჩნევა ოლიგარქად.
"ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, მთავარი და ამოსავალი ოლიგარქის სტატუსის მინიჭებისთვის არის ის, რომ ის უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენ მიერ განსაზღვრულ სამ კრიტერიუმს მაინც და აუცილებლად ზეგავლენას უნდა ახორციელებდეს სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და თანამდებობის პირებზე. ვის დაცვას ვახორციელებთ, იქნება ეს კეზერაშვილი, მანამდე ჯაფარიძე-ხაზარაძის გვარიც მოიხსენიებოდა, აქ ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი არ უნდა იყოს. მთავარი არის კონცეფცია, ის თუ ვის მივიჩნევთ ჩვენ ოლიგარქად. შეიძლება, მდიდარი ადამიანი არსებობდეს, მაგრამ მის ჭკუაზე, მის სურვილებზე სამთავრობო დაწესებულებები ქვეყნის მართვა არ ხორციელდებოდეს"- ამბობს ბეჟაშვილი.
დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. კანონპროექტის საკუთარი ვერსია მომზადებული აქვს მმართველ პარტიასაც. ის პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებულია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას ევროპელი პარტნიორები პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.